შინაარსზე გადასვლა

კომინტერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინტერნაციონალი.

კომუნისტური ინტერნაციონალი, კომინტერნი, მესამე ინტერნაციონალი — საერთაშორისო ორგანიზაცია 1919-1943 წლებში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების კომპარტიებს აერთიანებდა. დაარსდა 28 ორგანიზაციის მიერ რკპ-სა და პირადად ვლადიმერ ლენინის ინიციატივით რევოლუციური ინტერნაციონალური სოციალიზმის იდეების გასავრცელებლად, მეორე ინტერნაციონალის რეფორმისტული სოციალიზმის გადასაწონად, რომელთა შორის გარღვევა საბოლოოდ მოხდა რუსეთში პირველ მსოფლიო ომსა და ოქტომბრის რევოლუციაზე პოზიციათა განსხვავებულობის გამო. სსრკ-ის სათავეში იოსებ სტალინის მოსვლის შემდეგ ეს ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის ინტერსების გამტარებლად ითვლებოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ინტერკომის ალეგორიული გამოსახულება, პალეხის მინიატურა, ივან გოლიკოვი, 1927

მესამე ინტერნაციონალი თავის თავს უწოდებდა პირველი ინტერნაციონალის მონაცვლესა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაშლილი მეორე ინტერნაციონალის საუკეთესო ტრადიციების ისტორიულ მემკვიდრეს. მეორე ინტერნაციონალის კრახით დასრულების შემდეგ, ახალ ინტერნაციონალს სათავეში ჩაუდგა ვ. ლენინი, რომელიც მიზნად ისახავდა შეექმნა, ოპორტუნიზმისგან, რეფორმიზმისგან და რევიზიონიზმისაგან გაწმენდილი ახალი, მესამე ინტერნაციონალი.

1919 წლის იანვარში მოსკოვში ვ. ლენინის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა საბჭოთა რუსეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ლატვიის, ფინეთის, აგრეთვე ბალკანეთის რევოლუციური სოციალ-დემოკრატიული ფედერაციისა და აშშ-ის სოციალისტურ მუშათა პარტიის წარმომადგენელთა თათბირი, რომელმაც მოწოდებით მიმართა ევროპის, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის 39 რევოლუციურ პარტიას, ჯგუფსა და მიმდინარეობას, მონაწილეობა მიეღოთ ახალი ინტერნაციონალის დამფუძნებელი კონგრესის მუშაობაში. თათბირმა შეიმუშავა ახალი ინტერნაციონალის პლატფორმის პროექტი.

პირველი კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. ლენინი

1919 წლის 2-6 მარტს მოსკოვში შედგა კომუნისტური ინტერნაციონალის პირველი (დამფუძნებელი) კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა 21 ქვეყნის 35 პარტიისა და ჯგუფის 52 დელეგატი. კონგრესმა განიხილა და მიიღო ვ. ლენინის მითითებათა საფუძველზე შემუშავებული კომუნისტური ინტერნაციონალის პლატფორმა. ოქტომბრის რევოლუციით დაწყებული ახალი ეპოქა შეფასებული იქნა, როგორც კაპიტალიზმის შინაგანი რღვევისა და პროლეტარიატის კომუნისტური რევოლუციების ეპოქა. დღის წესრიგში დადგა პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების ამოცანა. აქედან გამომდინარე, კონგრესმა სცნო კომუნისტური ინტერნაციონალის გადაუდებლად შექმნის საჭიროება. კომუნისტური ინტერნაციონალის უმთავრესი საპროგრამო დოკუმენტია პირველ კონგრესზე ვ. ლენინის მიერ წარდგენილი თეზისები და მოხსენება ბურჟუაზიული დემოკრატიისა და პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ. პირველმა კონგრესმა მოუწოდა ყველას, გაერთიანებულიყვნენ და დაეწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა, 1919 წლის თებერვალში ბერნში განახლებული მეორე ინტერნაციონალის წინააღმდეგ.

მეორე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის 19 ივლისს პეტროგრადში გაიხსნა (23 ივლისიდან — 17 აგვისტომდე მუშაობა განაგრძო და დაასრულა მოსკოვში) კომუნისტური ინტერნაციონალის მეორე კონგრესი. მონაწილეობდა 37 ქვეყნის 67 ორგანიზაციის 217 დელეგატი. სათათბირო ხმით ესწრებოდნენ გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და საფრანგეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები. კონგრესმა მოისმინა ვ. ლენინის მოხსენება საერთაშორისო მდგომარეობისა და კომუნისტური ინტერნაციონალის ძირითადი ამოცანების შესახებ. ლენინმა გააფრთხილა კომპარტიები არ დაეშვათ კაპიტალისტური სისტემის ღრმა კრიზისის შეუფასებლობა. კომინტერნმა აუცილებლად მიიჩნია ახალგაზრდა, ჯერ კიდევ იდეურად, პოლიტიკურად და ორგანიზაციულად მოუმწიფებელი კომპარტიების შემდგომი სრულყოფა. ამა მოცანის განხორციელებას ისახავდა მიზნად კომინტერნში მიღების ოცდაერთი პირობა. იმ ცენტრისტულმა პარტიებმა, რომლებმაც არ მიიღეს კომინტერნში მიღების პირობები, 1921 წელს ვენაში მოწვეულ კონფერენციაზე მოაწყვეს სოციალისტური პარტიების საერთაშორისო მუშათა გაერთიანება (ცნობილი, როგორც II ½ ინტერნაციონალი), რომელიც 1923 წელს შეუერთდა მეორე ინტერნაციონალს და შექმნა მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალი (სოცინტერნი).

კონგრესზე მიღებულ იქნა კომუნისტური ინტერნაციონალის წესდება და შექმნა კომინტერნის ხელმძღვანელი ორგანო — აღმასრულებელი კომიტეტი (კიაკ).[1][2] მეთექვსმეტე სხდომა.[3]

მესამე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლის 22 ივნისს — 12 ივლისს მოსკოვში გაიმართა კომუნისტური ინტერნაციონალის მესამე კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა 52 ქვეყნის 103 პარტიისა და ორგანიზაციის 605 დელეგატი.

მეოთხე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წლის 5 ნოემბერს პეტროგრადში გაიხსნა (9 ნოემბრიდან — 5 დეკემბრამდე მუშაობა განაგრძო და დაასრულა მოსკოვში) კომუნისტური ინტერნაციონალის მეოთხე კონგრესი. მონაწილეობდა 58 ქვეყნის 66 პარტიისა და ორგანიზაციის 408 დელეგატი.

მეხუთე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლის 17 ივნისს — 8 ივლისს მოსკოვში გაიმართა კომუნისტური ინტერნაციონალის მეხუთე კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა 49 კომპარტიისა და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის 504 დელეგატი.

მეექვსე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წლის 17 ივlისს — 1 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა კომუნისტური ინტერნაციონალის მეექვსე კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა 57 ქვეყნის და 65 ორგანიზაციის 515 დელეგატი.

მეშვიდე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წლის 25 ივლისს — 20 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა კომუნისტური ინტერნაციონალის მეშვიდე კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა 65 კომპარტიისა და ორგანიზაციის 513 დელეგატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]