შინაარსზე გადასვლა

ძველი ინგლისური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ინგლისური ენა ანუ ანგლო-საქსური პერიოდი აღნიშნავს ინგლისური ენის განვითარების ისტორიულად განვლილ ერთ-ერთ პერიოდს, მოიცავს დროის მონაკვეთს დაახლ. 449 წლიდან 1066 წლამდე, ნაწილობრივ 1100 წლამდეც კი. ანგლო-საქსური პერიოდი ინგლისური ენის განვითარების საწყის საფეხურს წარმოადგენს.

დღევანდელი ინგლისის ტერიტორიაზე V საუკუნეში გადმოსახლებული ანგლების, საქსებისა და იუტების ენების ან დიალექტების შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენა წარმოადგენს.

ძველინგლისური პერიოდიდან შემონახული ტექსტების ენის აღსანიშნავად ზოგჯერ ამჯობინებენ თქვან ანგლო-საქსური (ტექსტების) ენა. ამგვარი ცნებობრივ-ტერმინოლოგური დიფერენცირება აუცილებელი ხდება იმ შემთხვევებში, როცა სიტყვათშეხამება ძველი ინგლისური ენა ან ძველი ინგლისური პერიოდი მრავალმნიშვნელოვნად გაიგება. გარდა ამისა, ტერმინით ანგლო-საქსური აღნიშნავენ დღევანდელი ინგლისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ანგლო-საქსების კულტურასაც.

ინგლისური ენის განვითარების პერიოდები კი მთლიანობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
  1. ძველი ინგლისური პერიოდი, ანუ ანგლო-საქსური პერიოდი. (449-დან 1066-1100 წწ.-მდე.)
  2. შუაინგლისური პერიოდი. (1066-1100 წლებიდან 1450–1500 წწ.-მდე.)
  3. თანამედროვე ინგლისური პერიოდი, ანუ ახალინგლისური პერიოდი. (1450-დან 1500 წწ.-მდე.)

ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოეპოვება.

ძველი ინგლისური ენის დახასიათება

ძველ ინგლისური ენას გააჩნდა ძლიერად განვითარებული ფლექსია და თითქმის ძირითადად გერმანიკული სიტყვათა მარაგი. ეს უკანასკნელი კი განპირობებული იყო უცხო შინაარსის ნათარგმნი ტესტების სიმრავლით.

დროთა განმავლობაში ძველი ინგლისური ენა, რომელიც შემოსეულმა გერმანელმა ტომებმა „თან მოიტანეს“, უკვე არსებულ, ან გავრცელებულ ფორმებს დასცილდა და სახეიცვალა ცალკეული რეგიონების მიხედვით, გაჩნდა ახალი დიალექტები. IX საუკუნეში დიალექტთაგან ერთ-ერთმა ფეხი მოიკიდა პროზაში. ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა მეფე ალფრედის მეფობის დროს, რომელიც პირველი მეფე იყო ლამის მთელს ინგლისს რომ მპყრობელობდა.

ძველ ინგლისურ ენას ახასიათებდა მეტად კომპლექსური ფლექსია.

  1. ძლიერი და სუსტი ზმნები
  2. წყვილობითი რიცხვი.
  3. ზედსართავი სახელის ბრუნების ორი ტიპი.
  4. არსებითი სახელის ბრუნების ოთხი ტიპი.
  5. გრამატიკული სქესი არსებითი და ზედსართავი სახელებისათვის.

მდიდარი ფლექსია განაპირობებდა წინადადებაში სიტყვათა თანმიმდევრობის საკმაო თავისუფლებას.

ძველ ინგლისურ ზმნას ორადორი დრო ჰქონდა – ახლანდელი და ნამყო წარსული. ახლანდელი დრო ითავსებდა მომავალი დროის ფუნქციასაც.

ძველ ინგლისურ ენას გააჩნდა სიტყვათწარმოების საკმაოდ დიდი შესძლებლობები, მაგრამ ამავდროულად ენის სიტყვათა მარაგი (ვოკაბულარი) არც ისე მდიდარი იყო. სუბსტრატის სახით შემორჩენილია საკუთარი სახელები, რომელიც კელტების ენიდან უნდა მომდინარეობდეს. მაგ,; ქალაქ აბერდენის სახელწოდება სავარაუდოდ წარმომდგარია კელტური ენიდან და სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მდინარე დეეს შესართავი“.

ენათმეცნიერების აზრით, კელტური წარმოშობის მხოლოდ ათი არსებითი სახელი არის ძველ ინგლისურ ენაში შემორჩენილი (მაგ., bannock, cart, down და mattock). სავარაუდოდ შესაძლებელია რომ სხვა სიტყვებიც არსებულიყო, მაგრამ ეს სიტყვები არაა ტექსტებში დაფიქსირებული, ან შემორჩენილი.

ძველ ინგლისურ ხანაში კელტური წარმოშობის სიტყვები საკმაოდ მალე ჩანაცვლებული იქნენ უელსური, შოტლანდიური და ირლანდიური ნასესხობებით.

ძველ ინგლისურ ხანაში შემოსული და დამკვიდრებული ლათინური სიტყვების რიცხვი დაახლოებით 140 ერთეულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ლათინიზმები ხშირად უფრო გრეციზმებს წარმოადგენს, ვიდრე საკუთრივ (სუფთა) ლათინური წარმოშობის სიტყვებს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Crystal, D. [1997]: The Cambridge encyclopedia of the English language. 2-ე გამოცემა. Cambridge.
  • McArthur, T., ed. [1992]: The Oxford companion to the English language. Oxford.
  • Cambridge History [1992]-დან]: The Cambridge History of the English language. 6 ტომად. Cambridge.
  • Mitchell, B. [1995]: An invitation to Old English and Anglo-Saxon England. Oxford.